Back

როგორ მოვიქცეთ თუ სახლში თერმომეტრი გაგვიტყდა?

თერმომეტრი ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყოა. ყველას გვაქვს ის ოჯახში და ისიც ცხადია ყველასათვის, რომ მასში ვერცხლისწყალია, რომელიც წარმოადგენს მძიმე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის თხევად ლითონს, რომლის ორთქლი ძალიან მომწამვლელია. სწორედ ამის გამო თერმომეტრის გატეხვა იწვევს შიშსა და პანიკას, რადგან ვერცხლისწყლის ბურთულები ძირს იბნევა და მათი შეგროვება ადვილი არაა. როგორ მოვიქცეთ თუ თერმომეტრი გაგვიტყდება სახლში?

სწორედ ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ის მარტივი რჩევები, რომლის საშუალებითაც თავიდან აირიდებთ მოსალოდნელ საფრთხეს- ვერცხლისწყლის ორთქლით მოწამვლას.

1. პირველ რიგში, იმ ადგილიდან (ოთახიდან), სადაც თერმომეტრი გატყდა, გაგვყავს ყველა ახლობელი და მათ შორის შინაური ცხოველიც თუ კი გყავთ ის.

2. ისარგებლეთ კონდიცონერით და ოთახის ტემპერატურა დაიყვანეთ 16-18 გრადუსამდე (თუ კი გაქვთ კონდიციონერი რა თქმა უნდა), რადგან სითბო ხელს უწყობს ვერცხლისწყლის აორთქლებას და ადვილი შესაძლებელია ამ გზით მოწამვლა.

3. მჭიდროდ დახურეთ ოთახის კარი და გახსენით ყველა ფანჯარა.

4. დარწმუნდით, რომ ვერცხლისწყლის ბურთულები არ გაქვთ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.

5. აიფარეთ სახეზე ერთჯერადი ნიღაბი (პირბადე) და გაიკეთეთ რეზინის თათმანები.

6. მინის ქილაში ჩაასხით წყალი და იქონიეთ თავსახურიც. (სწორედ იქ მოგიწევს მათი მოგროვება)

7. ამის შემდეგ კი ერთჯერადი შპრიცის ან ტუმბოს საშუალებით შეგიძლიათ ისინი ასრუტოდ იატაკიდან და ჩაუშვათ მომზადებულ წყლიან ქილაში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი და ცოცხი.

ამ ყველა პროცედურის შემდეგ იატაკის მორეცხვა ზედიზედ 2-ჯერ ქლორიანი სითხით მოგიწევთ და იგივე პროცედურა უნდა იმეოროთ კვირაში 2-ჯერ ერთი თვის მანძილზე. არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ მინის ქილა, სადაც ვერცხლისწყალი მოაგროვეთ, მიიტანეთ ის სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, თუ კი ის არსებობს თქვენს ქალაქში.